დღეს საქართველოში შექმნილი ურთულესი ვითარების შეცვლას არაერთი საზოგადოებრივი, პროფესიული თუ პოლიტიკური ჯგუფის დაუღალავი ძალისხმევა მიემართება.
ამასთან, პროცესში ჩართულ ყველა ექსპერტს, აქტივისტსა თუ პოლიტიკოსს ესმის, რომ შედეგისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ამ ძალისხმევათა სინერგიას ექნება.
ამ პროცესის მხარდაჭერის მიზნით განსხვავებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი პარტნიორებთან ერთად აწყობს საზოგადოებრივ ფორუმს.
ფორუმი მიზნად ისახავს განსხვავებული ხედვების და გამოცდილებების გაზიარებას, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულ დიკუსიას და წაახალისოს მხარეებს შორის დიალოგისა და თანაქმედების მექანიზმების განვითარება.
ფორუმის ფორმატი სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დაიგეგმა და სამ ძირითად ეტაპს აერთიანებს:
25 ივლისი - 8 აგვისტო
კონფერენციის წინა კვირაში ტარდება ტრანსლირებული საჯარო ღონისძიებები სხვადასხვა ფორმატში (პანელი, მრგვალი მაგიდა, დისკუსია). ეს შეხვედრები ამზადებს საერთო ანალიტიკურ ნიადაგს კონფერენციისთვის. შეხვედრების მიზანია შესაბამისი თემებისა და კონტექსტების აქტუალიზაცია და სხვადასხვა ჯგუფებისა და მათი აუდიტორიის გააქტიურება.
9 და 10 აგვისტო
ორდღიანი, კრიზისზე ფოკუსირებული კონფერენცია მოიცავს ოთხ შედეგზე ორიენტირებულ პანელს. მათი მიზანია კრიზისის სიღრმისეული გააზრება, ნდობის აღდგენისთვის ფუნდამენტური პირობების განსაზღვრა, ცვლილებების მისაღწევად სტრუქტურირებული თანაქმედების მექანიზმების შემუშავება და ახალი საზოგადოებრივი შეთანხმების საერთო ხედვების ფორმირება.
11 აგვისტოდან
კონფერენციის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, საჯარო დისკუსიების გაგრძელება, გამოკვეთილი მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფების ფორმირება.
ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ გაერთიანებებს შეუძლიათ გახდნენ კონფერენციის პარტნიორები — თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად, მათ შეეძლებათ ინფორმაციის გავრცელება, შინაარსობრივი ან ლოგისტიკური მხარდაჭერა, ან მონაწილეობა შემდგომ ქმედით პროცესებში. პარტნიორების ლოგოები განთავსდება ონლაინ პლატფორმებზე.
კონფერენციის შედეგების საფუძველზე შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც გააგრძელებენ კონკრეტული საკითხების დამუშავებას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ როგორც უკვე არსებულ ჯგუფებში ჩართვა, ისე ახალი ინიციატივების წამოწყება საერთო მიზნებთან თანხვედრაში.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები — პანელები, დისკუსიები და სამუშაო სესიები — ღიაა საზოგადოების ფართო სპექტრისთვის. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოისმინონ თემატური ანალიზი, გამოხატონ მოსაზრებები და ჩაერთონ საერთო სტრატეგიის შემუშავებაში.